გამოვიდა “სარკმელის” მორიგი ნომერი

გამოვიდა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობის განვითარების სასახლის ჟურნალის, „ახალი „სარკმელი“, მორიგი ნომერი. ნომრის მნიშვნელოვანი ნაწილი ეთმობა ჟურნალისტთა კლუბის მიერ, ყვარელში, ჩატარებულ, შემოქმედ მოსწავლეთა პირველ PEN მარათონს, რომელიც ილია ჭავჭავაძის 180 წლის იუბილეს მიეძღვნა. 
ჟურნალში, რუბრიკით „ფრაგმენტები ყვარელში მოხვედრილი ზუგდიდელი მგზავრის წერილებიდან“, დაიბეჭდა სხვადასხვა ლიტერატურული ჟანრის ნაწარმოები და წერილი, რომლის ავტორებიც მარათონში მონაწილე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეები არიან.
„ახალი „სარკმელის“ ახალ ნომერში, შეგიძლიათ, წაიკითხოთ ნორჩ ჟურნალისტთა ინტერვიუები ზუგდიდის ცნობილ სახეებთან: მამა იაკობ ეხვაიასთან, კარლო ჩოკორაიასთან, აკაკი ყუფუნიასთან, ნიკა ლაშხიასთან და ახალ, ჯერ კიდევ უცნობ სახეებთან: ლუკა კიტიასთან, ნანა ქირიასთან, გიორგი ქადარიასთან, მარიამ შონიასთან.
ჟურნალი, რუბრიკით „ნორჩი მკვლევარი“, წარმოგიდგენთ ზუგდიდელი მოსწავლეების კვლევას პირველ ზუგდიდელ ექიმზე აგბარ პანიევზე, ქალაქის კოლორიტზე კაკა ჟვანიაზე, ზუგდიდელ ებრაელებზე და მათ ტრადიციებზე. გაეცნობით ლეგენდებს „თოლიბჟალარაზე“, „თუთაშხია და თოლისქვამზე“, აქვეა, სახალხო მთქმელის, გულიკო ბერულავას მეგრული ლექსი „მუმული“.
ჟურნალი თავის ფურცლებს უთმობს საჟურნალო გამოფენას, რომელსაც სამხატვრო სკოლის ნორჩი მხატვარი და იმავდროულად „სარკმელელი“ გიორგი ქადარია წარმოადგენს.
„ახალი „სარკმელი“, მკითხველს, სთავაზობს ვრცელ საინფორმაციო ფოტოფრაგმენტებს მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის 2017-2018 წლის პირველი სემესტრის სხვადასხვა ღონისძიებიდან.
დასასრულ, ჟურნალი, თავის მკითხველს მიანიშნებს იმაზე, რომ 2018 წელი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მოსწავლე ახალგაზრდობის განვითარების სასახლისთვის არის საიუბილეო,- 80 წლის ხდება და სთხოვს ზუგდიდელებს, ის ინფორმაციები, რომელზეც ხელი მიუწვდებათ და მოიცავს სასახლის ისტორიას, შეატყობინონ სასახლის ადმინისტრაციას.
ჟურნალში ჩართულია 2018 წლის სამუშაო კალენდარი.
ჟურნალი 36 გვერდიანია, ფერადია და შესრულებულია მაღალპოლიგრაფიულ დონეზე.
„ახალი „სარკმელის“ გამოცემაზე იმუშავეს სასახლის ნორჩ ჟურნალისტთა კლუბის „სარკმელის“ წევრებმა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *